23
თებ.
23 თებ 2023
ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევრო-ატლანტიკური განვითარების ვექტორს

2023 წლის 20 თებერვალს, „ხალხის ძალამ“ მოახდინა ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ ინიცირება პარლამენტში, რომელიც შინაარსით წარმოადგენს 2012 წელს პუტინის მიერ შემოღებულ კანონს, და რომლის მეშვეობითაც, პუტინმა გაანადგურა თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება რუსეთში, რაც დასტურდება 2022 წელს ივნისში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც მან კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა რუსეთის მიერ.

 

იგივე კანონპროექტის ინიცირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ამავდროულად სახელმწიფოებრიობას, და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევროატლანტიკური განვითარების ვექტორს. კერძოდ: 


1.    .წ. „აგენტების კანონპროექტი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევრო-ატლანტიკურ საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებას და შეიძლება მივიჩნიოთ ამ მიმართულების შეცვლად: კონსტიტუციის მეთერთმეტე თავში, 78-ე მუხლით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ყველა ზომა მიიღოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის: 


მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“


ამავდროულად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა მეთოდოლოგიურად დასაბუთებული კვლევა აჩვენებს საქართველოს ხალხის ევროინტეგრაციის ურყევ ნებას. ბოლო კვლევების თანახმად, ეს მხარდაჭერა მზარდია: ევროკავშირის მხარდაჭერა 2022 წელს გაიზარდა 81 პროცენტამდე, ხოლო ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 73 პროცენტი.  

 

გარდა ამისა, ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტია საქართველოსთვის 1999 წლიდან (კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა ჯერ კიდევ 1999 წლის 27 აპრილს, და 1999 წლის 20 მაისს, პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდგომ, კონვენცია ძალაში შევიდა საქართველოშიც) - სულ მცირე, გამოხატვის თავისუფლებას, რაც კარგად ჩანს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, უფრო ადრე, რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის წინააღმდეგ. კერძოდ, სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 75 რუსული არასამთავრობოს სასარგებლოდ და დაადგინა, რომ „აგენტების შესახებ“ პუტინური კანონი უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და რუსეთს დააკისრა კომპენსაცია უფლებადარღვეული არასამთავრობოების სასარგებლოდ. კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, არასამთავრობოებისთვის „აგენტის“ წოდება არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს (კერძოდ, „გამოხატვის თავისუფლება“), არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოს და არ არსებობს საკმარისი მიზეზი „უცხოური აგენტის“ სტატუსის შემუშავებისთვის, ხოლო დამატებითი მოთხოვნების დაკისრება არაპროპორციულად ზღუდავს ორგანიზაციებს და კანონის შედეგად,  შეფერხდება უცხოური დაფინანსება.


კანონპროექტი ასევე არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტს და წინააღმდეგობაშია საერთაშორისო პრინციპებთან. კერძოდ, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები უფლებადამცველთა უფლებების დაცვის შესახებ გვეუბნება რომ: „ადამიანის უფლებადამცველთა უფლებების დაცვის უპირველესი ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს (....) სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულებები თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის ისეთი ქმედებებისგან, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებადამცველა უფლებებს მათი საქმიანობის გამო.“


2.     ამავდროულად, ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“, როგორც ჩანს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაც, არადემოკრატიულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს; კანონპროექტის მიღება არ არის საჭირო დემოკრატიულ სახელმწიფოში, რადგანაც საქართველოში უკვე არსებობს არასამთავრობოების გამჭირვალობის ინსტრუმენტები: საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი დაკვეთა ხელისუფლების მიმართ, მისი ძირეული სულისკვეთება და სამართლებრივი ნება ასახულია საქართველოს მთავარ იურიდიულ დოკუმენტში - საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაშივე, რომელიც ასახავს კონსტიტუციის სულისკვეთებას და განსაზღვრავს კონსტიტუციის დანარჩენი მუხლების შინაარსს და განმარტების მიმართულებას, ასახულია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოება, უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და დავიცვათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: 


საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“


კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ადამიანის ღირსება შეუვალია, ხოლო ხელისუფლების მიერ მოწვეული დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის „აგენტების“ წოდება, პირდაპირ ლახავს იმ ათასობით ორგანიზაციის ღირსებას, ვინც ათწლეულებია შრომობს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.  


დასავლეთის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი ექვემდებარება „ოფიციალური მხარდაჭერის“ პრინციპს, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიერ დასავლელ პარტნიორებთან მიღებულ ორმხრივ შეთანხმებებს, და არც ერთი პროექტი არ ხორციელდება ამ პოლიტიკური შეთანხმებების მიღმამეტიც, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1996 წელს მიიღო კანონი „გრანტების შესახებ“, სადაც თავისით შექმნა პირობები დასავლელი დონორების მიერ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად. 


მეტიც, ხელისუფლებამ აღიარა დასავლელი დონორების დაფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობა, როდესაც უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე გააფორმა ორმხრივი შეთანხმებები, დონორების მიერ გაცემულ გრანტებზე დღგ-ს გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ.


ამავდროულად, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები უკვე აკმაყოფილებენ გამჭირვალობის მოთხოვნებს იმ უამრავი მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც მათ უკვე უყენებს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ნორმები. გრანტების კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, (...) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.“ თავის მხრივ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტებით, განვითარებადი ქვეყნებისთვის დაფინანსების გაცემა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის განვითარებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

  

ამავდროულად, დასავლელი დონორების მიერ პროექტების უმრავლესობას (განსაკუთრებით, მსხვილი პროექტების შემთხვევაში), მოყვება აუდიტის და/ან შემოწმების ვალდებულება, როგორც ერთ-ერთი სახელშეკრულებო ვალდებულება. ინფორმაცია დაფინანსებული პროექტების შესახებ მრავალ წყაროშია ხელმისაწვდომი: 

-       დონორების ანგარიშები - OECD-ს ვებგვერდზე; 

-       საქართველოს მთავრობის ანგარიშები - სახელმწიფო ბიუჯეტის ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიური ანგარიშები; 

-       არასამთავრობოების ანგარიშები, რომლებიც ძირითადად ასახულია მათსავე ვებ-გვერდებზე. 


გარდა ამისა, უკვე წლებია, საქართველოს მთავრობა თავს იწონებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში გამჭირვალობის მხრივ, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მაგალითისთვის, საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ ავალდებულებს ბანკებს მკაცრი კონტროლი განახორციელონ სხვადასხვა თანხების მიზნობრიობაზე. სწორედ ამ მიზეზების ერთობლიობით, არასამთავრობოების დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე სფეროა საქართველოში. 


შესაბამისად, ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ არადემოკრატიულია, პირდაპირ და ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანს, ქმნის მტრულ გარემოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის ვინც ათწლეულებია საქართველოს განვითარებას უჭერენ მხარს, და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და არღვევს კონსტიტუციას.  

 

წყაროები: 

საქართველოს კონსტიტუცია, საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდი

 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა (2022 წლის დეკემბერი), ჩატარებული CRRC Georgia-ს მიერ

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ, 75 არასამთავრობოს მიერ წარდგენილ საჩივარზე

 

ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები უფლებადამცველთა უფლებების დაცვის შესახებ

 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანგარიშები უცხოური დაფინანსების წყაროების, ოდენობისა და მიზნობრიობის სესახებ


საქართველოს კანონები: 

-       „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“,

-       „გრანტების შესახებ“,

-       „ლობისტური საქმიანობის შესახებ“,