5
სექტ.
5 სექ 2022
სულხან-საბა და ბათუმი ძველ ევროპულ რუკაზე

როგორც წესი, ბათუმის ნახვა არაერთ ძველ ევროპულ რუკაზე შეიძლება. ოღონდ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე, ისეთ ევროპულ რუკას, სადაც ბათუმი, ქალაქის თანამედროვე სახელით - „ბათუმი“ იქნება აღნიშნული ვერ ნახავთ. ამის მიზეზი მარტივია, ტრადიციულად ძველ ევროპულ რუკებზე ბათუმს კარტოგრაფები სხვა სახელებით: ლონატი, ლოვატი, ვატი, ვართლუი... გამოსახავდენენ. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში  ევროპულ კარტოგრაფიაში გამოჩნდა რუკა, სადაც ბათუმი აღნიშნულია სახელწოდებით - Batham, ანუ - ბათამ.


ყველაფერი სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობით იწყება, რომელიც 1712-1714 წლებში დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ევროპაში. ფრანგული საარქივო ცნობების მიხედვით, საფრანგეთში ყოფნის დროს, სულხან-საბა ლუი  XIV-ის სამეფო კარტოგრაფ, გიიომ დელილს შეხვდა. საბას თან ჰონდა საქართველოდან წაღებული ცნობები, რომელთა შორის რუკაც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, სულხან-საბას ეს წერილობითი ცნობები და რუკა, დღეისათვის დაკარგულად ითვლება, მაგრამ ის, რომ სულხან-საბა ხელცარიელი არ ჩასულა ევროპაში, 1723 წელს, გიიომ დელილის მიერ გამოცემული „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკით“ მტკიცდება.


არსებობს ზემოთ აღნიშნული რუკის ორი, 1723 წლის პარიზული და 1732 წლის ამსტერდამული გამოცემა. რუკებზე დატანილი ინფორმაცია იდენტურია. ორივე რუკაზე, შავი ზღვის აღმოსავლეთით, იქ, სადაც ზღვა და საქართველო ხვდება ერთმანეთს, სანაპიროსთან საინტერესო ცნობებია წარმოდგენილი. ეს რუკა ბევრი რამით არის საინტერესო, ჯერ ერთი,  არაერთი ქართული მხარის და ტოპონიმის ერთგვარი დაბადების მოწმობაა ევროპულ კარტოგრაფიაში (მაგ. Matchikeli - მაჭახელი და Aichara - აჭარა, პირველად სწორედ ამ რუკაზე გვხვდება ევროპულ კატოგრაფიაში) და მეორეც, ევროპული კარტოგრაფიისათვის დამახასიათებელი ტრადიციული შეცდომები აქ უკვე გასწორებულია. ამ საქმეში გიიომ დელილს სწორედ სულხან-საბას მიერ გაზიარებული ცნობები დაეხმარა. მადლიერების ნიშნად კი ფრანგმა კარტოგრაფმა სულხან-საბა ორბელიანი რუკაზე „Sofkam-Sabbas Prince de Georgie”-ს სახელით აღნიშნა.


თუმცა, დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს, რომ სულხან-საბას მონაწილეობით, გიიომ დელილის მიერ შექმნილი „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკის“ არც 1723 და 1732 წლების გამოცემებზე, ბათუმი, როგორც ქალაქი, ნავთსადგური, ციხე, ან სხვაგვარი დასახლებული პუნქტი არ არის დატანილი. მათ შორის, არც ქალაქის რომელიმე ძველი ტრადიციული ევროპული სახელწოდებით და არც მისი თანამედროვე სახელით. ამის მიუხედავად, რუკაზე ბათუმს მაინც ვხვდებით, ოღონდ მდინარის აღსანიშნავად და წარწერა „Batoum R.“ აქ მდინარე ყოროლისწყალს ნიშნავს. იმას, თუ რატომ არ დაიტანა ამ რუკაზე გიიომ დელილმა ბათუმი, როგორც ქალაქი, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ სულხან-საბას მიერ მიწოდებულ ცნობებში, რომ ბათუმი ნამდვილად იქნებოდა შეტანილი საეჭვო არ უნდა იყოს. 

 

და მაინც, რა საერთო აქვს კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკას, ევროპულ კარტოგრაფიაში - ბათამის, იმავე ბათუმის გამოჩენასთან? ამ კითხვაზე პასუხი გიიომ დელილის სხვა რუკაზე უნდა ვეძებოთ. საქმე ის არის, რომ არსებობს 1742 წელს, ამსტერდამში,  Covens & Mortier-ის ცნობილი საგამომცემლო სახლის მიერ დაბეჭდილი გიიომ დელილის შავი ზღვის რუკა, სადაც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე საქართველოს შავიზღვიპირეთია წარმოდგენილი. რუკა თითქმის უცვლელად იმეორებს დელილის „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკის“ იმ ნაწილს, რომელიც მაჭახელს, აჭარას, გურიას და სამეგრელოს სანაპირო ზოლს უკავშირდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გიიომ დელილმა, შავი ზღვის რუკის შექმნის დროს, საქართველოსთან დაკავშირებული სანაპირო ზოლი მისსავე კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკიდან გადაიტანა. მხოლოდ რამდენიმე სხვაობაა და ყველაზე მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რუკაზე  ბათუმის, როგორც ქალაქის, ნავთსადგურის, ციხის, თუ უბრალოდ დასახლებული პუნქტის - ბათამის (Batham) სახელით აღნიშვნაა.


შესაბამისად, რუკის ავტორი გიიომ დელილი, ძველ ევროპულ რუკებზე - ბათამის/ბათუმის პირველი აღმნიშვნელი გამოდის, ხოლო სულხან-საბა ის ადამიანია, ვინც ევროპულ კარტოგრაფიას პირველი დახვეწილი და დაზუსტებული ცნობები მიაწოდა კავკასიის რეგიონის შესახებ. მათ შორის, ბათუმის ნამდვილი სახელით აღნიშვნის თაობაზე.

 

 

სულხან სალაძე

 

 

A.	1723 წლის კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა

1723 წლის კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა

 

 

 

A.2. დეტალი - 1723 წლის კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკიდან - საქართველოს სანაპირო (მაჭახელი, აჭარა, გურია)

დეტალი - 1723 წლის კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკიდან - საქართველოს სანაპირო (მაჭახელი, აჭარა, გურია)

 

 

 

B.	1742 წლის შავი ზღვის რუკა

 1742 წლის შავი ზღვის რუკა

 

 

 

დეტალი 1742 წლის შავი ზღვის რუკიდან - საქართველოს სანაპირო (მაჭახელი, აჭარა, გურია), სადაც აღნიშნული Batham (ბათამ), ანუ ბათუმი

დეტალი 1742 წლის შავი ზღვის რუკიდან - საქართველოს სანაპირო (მაჭახელი, აჭარა, გურია), სადაც აღნიშნული Batham (ბათამ), ანუ ბათუმი.