27
სექტ.
27 სექ 2022
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მით უფრო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, მტკიცედ სწამს, რომ საქართველო აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას და დაბრუნდებიან მშობლიურ მხარეში, რომელიც გარდა ომის მძიმე მოგონებებისა უკავშირდება მათ ოჯახებს, ბავშვობას, ომამდე არსებულ ბედნიერ ცხოვრებას, რაც ამ ამაყ ხალხს დანებების საშუალებას დღემდე არ აძლევს. მათი მთავარი მოტივაცია და ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიზანი სწორედ მშობლიურ „აღთქმულ“ მიწაზე დაბრუნება არის. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას.

 

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმები, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უფლების ხელყოფისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი; არასამხედრო დანიშნულების ობიექტების დაბომბვა და განადგურება.


რუსეთის აგრესიას მრავალი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. მიზანმიმართულად ხდებოდა აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მკვლელობა; მოსახლეობის ნაწილობრივი ან/და სრული განადგურებისაკენ მიმართული გარემოს ხელოვნურად შექმნა.


სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი დევნილად იქცა, რაც რომის სტატუტის შესაბამისად, სართაშორისო სისხლის სამართის სამხედრო და აგრესიის, აგრეთვე გენოციდის დანაშაულის შემადგენლობას წარმოადგენს.


სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა და დღემდე აგრძელებს ოკუპირებულ ხაზთან მდებარე ტერიტორიების მიტაცებას.


პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა და საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, რისთვისაც რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.


#რუსეთიოკუპანტია! #დიდებაგმირებს!

#დიდება საქართველოს!

#დიდებაუკრაინას!