2
დეკ.
2 დეკ 2022
განცხადება ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად

საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და პარტნიორებს,

 

60-მდე მედია ორგანიზაციამ ყირგიზეთიდან, რომელიც გაერთიანებულია  ყირგიზეთის მედია პლატფორმის სახელით, მოგვაწოდა ინფორმაცია ყირგიზეთში მედიის უახლესი, უკანონო დევნის მძიმე ფორმების შესახებ. მედია პლატფორმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში გახშირდა დაპატიმრების, უსაფუძვლო სასამართლო დევნისა და სხვა სახის ზეწოლის შემთხვევები, კერძოდ:

-  ცნობილ ჟურნალისტს, ბოლოტ ტემიროვს (რომელმაც გამოააშკარავა სავარაუდო ელიტური კორუფციის შემთხვევა) უსაფუძვლოდ ბრალად დაედო ნარკოტიკის შენახვაზე, რის საფუძველზეც 2022 წლის 23 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა მისი ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში პირადპირ სასამართლო დარბაზიდან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციაში ბოლოტ ტემიროვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;

-  ხუთწლიანი პრობაცია შეეხო ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტს (ნექსტ ტვ-ს წარმომადგენელს) - ტაალაი დუიშემბიევს, უცხოური მედია მასალების ციტირებისათვის;

-  ბლოგერები და აქტივისტები - კალის აშირბაევი, ირისკელდი ჟეკშენალიევი და ადილეტ ალი მიკტიბეკი დააპატიმრეს მსგავსი სქემით, აზრის თავისუფლად გამოხატვის გამო;

-  მწვავე პოლიტიკური რეპრესიები შეეხო სხვა ბლოგერებსაც, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, ვინც გამოხატა დამოუკიდებელი აზრი სხვადასხვა სოციალურ და საჯარო საკითხებზე;

-  დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიაში პირველად, ხუთი ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს და მოათავსეს საგამოძიებო იზოლატორში - რიტა კარასარტოვა, ასია სასიკბაევა, გულნარა ჯურაბაევა, კლარა სოორონკულოვა და პერიზატ სურანოვა;

-  ასევე დააკავეს აქტივისტები - ატაი ბეიშენბეკი, ალი შაბდანი, ერლან ბეკჩოროევი, ტაალაი მადემინოვი, ჩინგიზ კაპაროვი, ულუკბეკ მამატაევი, ნურლან ასანბაევი და აიბეკ ბუსურმანკულოვი.

ამავდროულად, ყირგიზეთში ინიცირდა რამდენიმე არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეწინააღდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს და დიდწილად იმეორებს რუსეთის ფედერაციაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მიმართული იყო თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. კერძოდ:

-  2021 წელს მიღებული „ყალბი ინფორმაციისგან დაცვის შესახებ კანონის“, საფუძველზე, 2022 წელს უკვე დაიბლოკა ორი მედია კომპანიის ვებ-გვერდი - მათ შორის „რეს-პუბლიკა“ და „აზატიკი“ (რადიო თავისუფლება ყირგიზეთში). დროებით დაიბლოკა ასევე საინფორმაციო სააგენტო 24.კგ;

-  ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მედიის შესახებ (ყირგიზეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივა), რომელიც შეფასდა როგორც საფრთხის შემცველი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების არსებობისთვის - უცხოური მედიის ჩათვლით; 

-  ახლად ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა - „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოური წარმომადგენლობების შესახებ“, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ყირგიზი მედია პარტნიორების თანახმად, ასევე მზარდია ზეწოლა, მუქარა და კიბერ-თავდასხმა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მათ შორის დიდი ონლაინ მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორიცაა „აზატიკი“ (რადიო თავისუფლება ყირგიზეთში), კაკტუს მედია, კლოოპი. ასევე გახშირდა ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები (რაზეც სამართალდამცავები არ რეაგირებენ). ამასთან ერთად, ყალბი სოციალური მედია პროფილებით ასევე ხორციელდება სიძულვილის ენის გავრცელება და კიბერ-ბულინგი.

აღნიშნული ტენდენციები შეინიშნება არა მხოლოდ ყირგიზეთში: ბოლო პერიოდში, საქართველოში საპარლამენტო ჯგუფის - ხალხის ძალის მიერ გაჟღერებული ინიციატივები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და აძლიერებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ მიმართულ რუსულ დეზინფორმაციას. 

საქართველო და ცენტრალური აზია წარმოადგენენ მნიშვნელოვან შუა კორიდორს ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული/ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ შეცვალა მრავალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მომავალი. სამწუხაროდ, ყირგიზეთში, ყველაზე მწვავე ფორმით გამოვლენილი ტენდენციები ასევე გახშირდა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც - მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ბოლო პერიოდში გახშირებული მოწოდებები არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვისკენ აჩენს კითხვებს სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მხარდაჭერა გამოხატონ ყირგიზული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არა მხოლოდ თავისუფალი, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად, არამედ ასევე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი „დაკავშირებულობის“/სატრანზიტო შესაძლებლობების დასაცავად.

ღია სივრცე კავკასია (COS) განაგრძობს ვითარების შესწავლას და პარტნიორებს მიაწვდის მოკლე ანალიზს უახლოეს მომავალში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის და სხვა საკითხებისთვის, დაგვიკავშირდით: cos@cos.ge

ვებ-გვერდი: www.cos.ge