9
აგვ.
9 აგვ 2023
როგორ შეიძლებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება და როგორ ავირიდოთ მსგავსი ტრაგედია მომავალში

საყოველთაო გლოვის ამ უმძიმეს დღეებში გამუდმებით ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც შოვში განვითარებულმა ღვარცოფმა ოჯახის წევრები და  ახლობლები წაართვა. ჩვენც, ისე როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, ვგლოვობთ შოვის ტრაგედიას. მიმდინარე მოვლენებმა უნდა დაგვაფიქროს, იმაზე თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტრაგედია. მით უმეტეს, როცა არსებობს არაერთი ნიშანი იმისა, რომ ეს შესაძლებელია. როგორც ათობით ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს, წუთებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია დანერგილი იყოს ადრეული გაფრთხილების სისტემები, სადაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას მოახლოებული სტიქიის შესახებ. თუმცა მიმოხილვა დავიწყოთ ცოტა ადრეული პერიოდიდან: რვა წლის წინ, 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში განვითარებულმა წყალდიდობამ 21 ადამიანი წაგვართვა. ქალაქგეგმარების, სამშენებლო სტანდარტების, პრევენციული და საგანგებო საკითხების შესახებ საზოგადოების ხანგრძლივ ბჭობას მოჰყვა სასამართლო გადაწყვეტილება: სასამართლომ პირველად 2020 წელს, განმეორებით კი 2023 წელს დაადგინა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან: 


„ნაკლებიკვალიფიკაციის, ნაკლები ორგანიზებულობის, ნაკლები ეფექტიანობისა დაარაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად, სათანადოდ ვერ შეასრულეს ფუნქციები, ვერგანსაზღვრეს პრიორიტეტები, რასაც შეეწირა დავით გაბიტაშვილის სიცოცხლე“1


სტიქიას გამოეხმაურა გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისი (UNDRR) და გამოქვეყნებულ მასალაში გვაცნობა, რომ საქართველო გადადის ე.წ. სენდაის ჩარჩო კონცეფციაზე.2 თუმცა, სულ რაღაც 5 წლის მოგვიანებით, 2020 წელს, როდესაც რაჭაში, ონში,3 უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გაანადგურა საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი, ხიდები, ელექტროგადამცემი ბოძები - არსად გამოქვეყნებულა ინფორმაცია რაჭაში რაიმე პრევენციული ზომების გატარების თაობაზე. შოვში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სხვადასხვა წყაროებიდან ვხედავთ, რომ სახელმწიფოსთვის კარგად იყო ცნობილი აღნიშნულ ზონაში სტიქიის მაღალი რისკის შესახებ4 - თუმცა, როგორც საჯარო მასალიდან ირკვევა, არ განხორციელებულა რაიმე პრევენციული სამუშაოები, რაც 2023 წლის 3 აგვისტოს მსხვერპლს თავიდან აგვარიდებდა. არ მომხდარა რისკების გათვალისწინება არც განაშენიანების გეგმაში. არც მაშინ, როდესაც რაჭის ტყის ნაწილი 11 ლარად გადაეცა მთავრობასთან დაახლოებულ პირს. 

 

ხელისუფლება მართალია, როდესაც ამბობს, რომ ბუნებრივ კატასტროფებს თავიდან ვერ აირიდებ, მაგრამ ავიწყდება, რომ თითქმის ყველა განვითარებულ, თუ განვითარებად ქვეყანაში, მსგავსი მასშტაბის კატასტროფებს არ მოყვება ამდენი მსხვერპლი. უამრავი ქვეყნის მაგალითის შესწავლა გვაჩვენებს, რომ მსხვერპლის თავიდან არიდება მაქსიმალურად  არის შესაძლებელი, როგორც მაღალრისკიანი ადგილების მონიტორინგით და სახიფათო კერების აღმოფხვრით, ისე წინასწარი შეტყობინების სისტემების დანერგვით. იაპონია მაგალითად იყენებს სისტემას სახელწოდებით J-Alert5, რა დროსაც ყველა მოქალაქეს მისდის ტექსტური შეტყობინება მოახლოებული კატასტროფის და რეკომენდაციები თავის დაცვის შესახებ. ნიდერლანდებში6, გერმანიაში7, სამხრეთ კორეაში8, ინდოეთში9, აშშ-ში10 - ყველგან არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემები.11 შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ეს განვითარებული ქვეყნებია და მათ სულ სხვა რესურსი აქვთ, თუმცა, აქვე შეცდება, რადგანაც ეს სისტემები უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებსაც აქვთ - ინდონეზია12, მექსიკა13, ჩილე14, ტაილანდი15, ფილიპინები16, ბანგლადეში17, პაკისტანი18 და ა.შ. 

 

ყველა ამ ქვეყნის გამოცდილება, გაეროს სენდაის ჩარჩო კონცეფცია და საქართველოში არსებული რესურსების მცირედი მიმოხილვაც კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლებოდა და როგორ უნდა ავირიდოთ მსგავსი ტრაგედიები მომავალში: 

 

1.     რისკის შეფასება და მონიტორინგი - გეომონაცემების წარმოება, სტიქიებისკენ მიდრეკილ ტერიტორიებზე - მოახლოებულ სტიქიებზე ადრეული ინფორმაციის მისაღებად და სამართავად (რიგ შემთხვევებში რისკიანი მონაკვეთის გაწმენდა, გამაგრებითი თუ სხვა სამუშაოებიც შეიძლება ღირებული აღმოჩნდეს პრევენციული ზომებისათვის);

2.     ადრეული გაფრთხილების სისტემები - ინფორმაციას მოახლოებული სტიქიის შესახებ უნდა იღებდეს თითოეული მოქალაქე, დაცვის რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ნებისმიერი ფორმით - რადიო, ტელევიზია, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თუ სხვა მეთოდით. 

3.     მიწათსარგებლობის სათანადოდ დაგეგმვა - განაშენიანებისას რისკების გათვალისწინება მშენებლობის ადგილისა და მასშტაბების დაგეგმვისას, ზონირების შეზღუდვა, ბუფერული ზონები, მაღალრისკიან ადგილებში მშენებლობის შეზღუდვა და გამაფრთხილებელი ნიშნები და ა.შ.

4.     ინფრასტრუქტურის სტანდარტები - სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა არსებული რისკების გათვალისწინებით (მაგალითად: შესაბამისი ზომის მილის გათვალისწინება მზარდი ნაკადისთვის, ცემენტის შესაბამისი კლასის გამოყენება და ა.შ.). 

5.     საზოგადოების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინფორმირება და მზადყოფნა - ყველა ბავშვმა და მოზარდმა უნდა იცოდეს, თუ როგორ მოიქცეს სხვადასხვა სტიქიის დროს. აუცილებელია მსგავსი განათლება როგორც ბავშვებისთვის, სკოლებში, ისე ზრდასრულთათვის;

6.     ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომები - ჯანსაღი ეკოსისტემების შენარჩუნება (ტყეები, ჭაობები და ა.შ.) როგორც ბუნებრივი ბარიერი წყალდიდობისა და მეწყერის წინააღმდეგ.

 

ამ პუნქტებიდან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს განხორციელებული აქვს ერთი, არასრულად: სახელმწიფოს წლების განმავლობაში ჰქონდა რისკის შეფასების და რუკის შედგენის დოკუმენტი, საიდანაც ცნობილი იყო, რომ შოვი არის მეწყერ და ღვარცოფ საშიში ზონა. მაგალითად, „ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის 33-ე დადგენილების დანართში პირდაპირ მითითებულია ინფორმაცია საფრთხის არსებობის შესახებ, თუმცა, არ განხორციელებულა სრულყოფილად არცერთი ზემოხსენებული პრევენციული ზომა კატასტროფის თავიდან ასარიდებლად. მეტიც, დროულად და სრულად არ მომხდარა არსებული სახელმწიფო რესურსის გამოყენება: თავდაცვის ძალების ჩართვა მხოლოდ 24 საათის შემდეგ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათ აქვთ შესაბამისი მაღალი გამავლობის ტექნიკა, ასაწყობი კონტრუქციული ხიდები და სხვა ღირებული რესურსი სამაშველო სიტუაციისთვის. ბოლოს, ადგილზე არ იყო სათანადოდ მობილიზებული სამედიცინო სასწრაფო გადაუდებელი მანქანა, მოლოდინში მყოფი ოჯახის წევრებისა თუ სამაშველო ოპერაციაში ჩართული პირების დასახმარებლად. 

 

შედეგად, საგანგებო სიტუაციების სამსახური, საქართველოს თავდაცვის ძალები და მოქალაქეები გმირულად, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ გადარჩენილებისა და გარდაცვლილების გამოყვანას ღვარცოფის ტალახიდან. 

 

შოვის ტრაგედიას არ მოყვებოდა მსგავსი მსხვერპლი, სათანადოდ რომ გვემუშავა ადრეული გაფრთხილების სისტემებზე და სხვა პრევენციულ ღონისძიებებზე, მით უფრო მაშინ როდესაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ ჯერ კიდევ 2019 წელს გვაცნობა, რომ გრანტის ფორმით მიიღო 32 მილიონ დოლარიანი დაფინასება საქართველოში სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვისათვის.19 მხოლოდ 2017-2020 წლებში კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის20 ფარგლებში, რომელიც მოიცავს მათ შორის კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სისტემაში ადრეული შეტყობინებისა და განგაშის სისტემების ინტეგრირებას, სახელმწიფოს მიღებული აქვს 12 პროექტი; საგარეო დახმარების შესახებინფორმაციის მართვის სიტემის მონაცემებით21 12-დან 11 პროექტი სრულად დასრულებულია. რაც შეეხება ამავე პროექტების დაფინასების მოცულობას სახელმწიფოს ჯამურად შვედეთის, შვეიცარიის, ავსტრიის, ჯანდაცვის მსოფლიო ბანკის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და მსოფლიო ბანკისგან მიღებული აქვს 136,253,217.40 დოლარი. 

 

არსებულ ვითარებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეცდომების გააზრება და სამომავლო დაგეგმვა, აუცილებელია გაანალიზდეს საქართველოში არსებული მაღალი რისკის შემცველი ყველა ტერიტორია, შედგეს რისკების მართვის დოკუმენტი, შეფასდეს სახელმწიფოს არსებული და საჭირო რესურსების თანაფარდობა, სახელმწიფოში მობილიზებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ვერტმფრენები, რათა აღარასდროს მოგვიწიოს გლოვა მსხვერპლზე, რომელიც თავიდან არიდებადი იყო. 

***რუკა ამოღებულია „ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის 33-ე დადგენილებიდან


(1) სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, იხ. ბმულზე

 

(2) გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის (UNDRR) ე.წ. სენდაის ჩარჩო კონცეფცია, იხ. ბმულზე.

 

(3) 2020 წლის მდინარის ადიდება ონში, ნეტგაზეთის მიმოხილვა, იხ. ბმულზე.

 

(4) ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 (2022 წლის 22 დეკემბერი), „ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“, იხ. ბმულზე.

 

(5) იაპონიაში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(6) ნიდერლანდებში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(7) გერმანიაში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(8) სამხრეთ კორეაში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(9) ინდოეთში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(10) აშშ-ში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(11) ადრეული გაფრთხილების სისტემების შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(12) ინდონეზიაში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(13) მექსიკაში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(14) ჩილეში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(15) ტაილანდში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(16) ფილიპინებში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(17) ბანგლადეშში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(18) პაკისტანში მოქმედი საგანგებო სისტემის შესახებ, იხ. ბმულზე.

 

(19) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის განცხადება, იხ. ბმულზე.

 

(20) 2017-2020 წლებში კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, იხ. ბმულზე.

 

(21) საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის მართვის სიტემის მონაცემები, იხ. ბმულზე.