14
ნოე.
14 ნოე 2023
უსახელო ძალადობა და ქალების განდევნა პოლიტიკიდან

ვინ იცის, რამდენი ქალისთვის - მათ შორის, პოლიტიკოსი ქალისთვის, მიუმართავთ „დამამშვენებელი სამკაულითა“ თუ „ვარდით“, და როდესაც ამაზე ვბრაზდებით, „კომპლიმენტს“ ანაცვლებს ბულინგი და გვეუბნებიან, რომ ჩვეულებრივი კომპლიმენტის მიღება არ შეგვიძლია და აგრესიულები, კაპასები და საერთოდაც - შეურაცხადები ვართ. 

 

თუმცა, ჩავუღრმავდეთ, თუ რას ნიშნავს ადამიანის გასაგნება, შედარება უსულო ობიექტებთან, რომლებსაც დამხმარე-დეკორატიული ფუნქცია აქვთ ყოველდღიურობაში: ეს არის არაფერი სხვა, თუ არა კულტურაში ნორმალიზებული, ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობი პატრიარქალური ნარატივები, რომლებიც ქალებს მეტა-გზავნილების დონეზე მჭიდრო ჩარჩოში აქცევს, რათა შეზღუდოს მათი პოლიტიკური გავლენა. გარდა ამისა, „დედის/მზრუნველისა“ და „დიასახლისის“ არქეტიპის პოლიტიკაში მიზანმიმართული გადმოტანა სახეცვლილი ფორმით, კომპლიმენტის საფარქვეში სინამდვილეში, კარნახობს გარე მსმენელს, რომ პოლიტიკოსი ქალის საქმე პოლიტიკური „შინამეურნეობაა“, და არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება თუ პოლიტიკაში სხვაგვარად აქტიური ჩართულობა. 

 

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ქალების წინააღმდეგ, ყველაზე ფართოდ გამოიყენება სიძულვილის ენა  და სექსისტური კომენტარები, რომელთა მიზანია პოლიტიკაში ქალთა პროფესიული კომპეტენციის ეჭვის ქვეშ დაყენება და მათი გარიყვა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ამასთან, ხშირად ძალადობა არ არის მატერიალიზებული და გაზომვადი; მაგალითად, რთულია პასუხისმგებლობა მოითხოვო სექსტიტურ კომპლიმენტზე, თუ არ არსებობს განსაზღვრება, რომ კონკრეტულ სამუშაო გარემოში, ერთგვარი „კომპლიმენტი“ შეიძლება მიმართული იყოს ქალის პროფესიული კომპეტენციის, სუბორდინაციის დარღვევისათვის, სამსახურეობრივი ძალაუფლებისა თუ ავტორიტეტის შელახვისთვის.

 

ძალადობრივ კულტურას კვებავს მრავალი სხვა პატრიარქალური ინსტრუმენტი - ონლაინ ძალადობა, კიბერჩაგვრა, სიძულვილის ენა, გაშარჟება, სექსიზმი, სექსუალური  შევიწროება/ძალადობა, სამსახურეობრივი სუბორდინაციის დარღვევა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არაკანონიერად მოპოვება, შანტაჟი და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი საბოლოოდ ქალს განსაზღვრავს არა როგორც ავტონომიურ ფიგურას, არამედ როგორც კაცის მზერით ნაწარმოებ ფენომენს, რომელიც ხშირად დეჰუმანიზებული, გასაგნებული ან სექსუალიზებულია მასკულინური პოლიტიკის გარემოში.

 

 

 

ქალთა მიმართ ძალადობას შეიძლება თან ახლდეს ინტერსექციულობა - და შრეებად ემატებოდეს რასიზმი, ეიბლიზმი, ეიჯიზმი, ჰომოფობია, თუ სხვა დისკრიმინაციული ნიშნები, რაც ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პლურალიზმს აზიანებს, დომინანტური პატრიარქალური ვერტიკალის შესაქმნელად. 

 

საბოლოოდ, ერთი შეხედვით, „უწყინარი“ „კომპლიმენტები“ კვებავენ მიზოგინურ დამოკიდებულებებს, რომლებიც განდევნიან ქალებს გადაწყვეტილების მიმღები, პოლიტიკური სფეროდან. თუმცა, რთულია პასუხისმგებლობის მოთხოვნა იქ, სადაც ფენომენს არ აქვს სახელდება, და მის წინააღმდეგ ქალის ნებისმიერი პროტესტი „აგრესიის“ უსაფუძვლო გამოვლინებად შეირაცხება. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული იყო ეუთოს განმარტებითი ლექსიკონის შემუშავება, რომელიც სახელდებით, შესაძლებლობას იძლევა განვმარტოთ და ჩავუღრმავდეთ ქალის პოლიტიკიდან განდევნის პატრიარქალურ ინსტრუმენტებს. განმარტებებს შორის, გვხვდება: 

 

·      ლოლიპოპინგი - ქალის ინფანტილიზაცია, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების დელეგიტიმაცია მისი უფრო „სუსტ“ არსებად წარმოჩენით. 

·      ქრიფშოთები - სექსუალური შინაარსის ფოტოების უნებართვოდ გადაღება, რა დროსაც ხდება ქალის „გაობიექტება“ და მისი გადაწყვეტილებუსუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენება.

·      კიბერჯგუფის თავდასხმა - ჯგუფური თავდასხმა სამიზნეზე სხვადასხვა აგრესიული ტაქტიკის გამოყენებით, რა დროსაც ამოქმედდება მეორადი სოციალური ზეწოლა, ირიბი მუქარა, შეფუთული „კეთილმოსურნე რჩევაში“ - „ოჯახზე იფიქრე“ და ქალის განდევნა საჯარო სივრციდან.

 

ეს და ლექსიკონში მოყვანილი სხვა მრავალი განმარტება, მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ყოველდღიურობაში, ისე პოლიტიკაში ქალების წინააღმდეგ ძალადობა არ არის ყოველთვის სწორხაზოვანი და ზედაპირზე ხილული და მას გააჩნია უამრავი კულტურული, ფსიქო-სოციალური სიღრმე. ამის მიუხედავად, ყველა მექანიზმი, რომელიც მიმართულია ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გასაზრდელად ფოკუსირდება მხოლოდ ინსტიტუციურ მექანიზმებზე. მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ყველა სათანადო ღონისძიების განუხორციელებლობა გენდერული ნიშნით ძალადობის ქმედებების პრევენციისთვის, ან გამოუძიებლობა, დამნაშავეთა სამართლებრივი დევნისა და დასჯის განუხორციელებლობა, და მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის ზიანის აუნაზღაურებლობა წარმოადგენს მდუმარე ნებართვას და წახალისებას ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის ჩასადენად. სწორედ ამიტომ, მწიფდება კითხვა - რამდენად საკმარისია მხოლოდ ინსტიტუციური მექანიზმები, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად, როდესაც თავად ყოველდღიური დისკურსი - მათ შორის, გავლენიანი ქალი და კაცი პოლიტიკოსების მხრიდან, იმ ძალადობრივი მეტანარატივის მატარებელია, რომელიც ჩანასახშივე ეჭვქვეშ აყენებს ქალის პოლიტიკური ჩართულობის ლეგიტიმურობას?

 

ავტორი: სოფო ახალაძე