7
იან.
7 იან 2024
როგორ ჩნდება ნეო-პოპულისტი? რეცეპტები პოლიტიკური სამზარეულოდან

ორიათასიანების დასაწყისის ერთ-ერთ საინტერესო წიგნში, ავტორი მიუთითებს გულაგში მოხვედრილი რუსი ფილოსოფოსის ციტატაზე: „ლიმიტირებული ადამიანის ხელში მოქცეული ულიმიტო ძალაუფლება შობს სისასტიკეს.“1 სამწუხაროდ, საქართველოში კიდევ უფრო მძიმედ გვაქვს გამოცდილი კონცენტრირებული ძალაუფლების სისასტიკე - თუმცა, ხშირად გვავიწყდება, პოლიტიკურ სუბიექტებს მათი „ლიმიტები“ შევახსენოთ.


ამჯერადაც, „ზამთარი მოდის“, და მოახლოებულ არჩევნებთან ერთად მეორდება პოლიტიკური „ტრადიცია“: პოლიტიკური იდეოლოგიისაგან დაცლილი ისტერიული დაპირებები, რეალური, არარეალური - თუმცა, დიდწილად, ფორმალური და ცარიელი პოლიტიკური კულტურის (თუ მისი არარსებობის) გამომხატველი; სხვა სიტყვებით, ნებისმიერი რამ რაც კი ხმების მოპოვებაში გამოდგება. 


თუმცა, საარჩევნო პერიოდის ამოწურვისთანავე, პარტიების მიერ გამოქვეყნებული პროგრამა და დაპირებები გადაიმალება ხოლმე, რა წამსაც რომელიმე პარტია უმრავლესობის მანდატს ირგებს. თანაც, იმდენად შთამბეჭდავად ქრება პროგრამები და დაპირებები საჯარო სივრციდან, რომ ჰუდინსაც კი შეშურდებოდა ჩვენი პოლიტიკური ელიტის.


არადა, სწორედ პროგრამა და დაპირებები, კონკრეტული ხედვა, ღირებულებები და გეგმა, არის საფუძველი, რის მეშვეობითაც ამომრჩევლებმა უნდა შექმნან გრავიტაციის ველი, რითაც პოლიტიკურ ელიტას მიწაზე მყარად სიარულს, ანგარიშვალდებულებასა და მათი დაპირების შესრულებას უბიძგებდა. თუმცა, ქართულ რეალობაში ბიძია ბენის დანაბარები (დიდი ძალაუფლების თანმდევი დიდი პასუხისმგებლობა) პირიქით კონვერტირდება. 


ამ დროს, ყველა საარჩევნო ხრიკი მეტისმეტად მარტივი და შეურაცხმყოფელად ზედაპირულია, თუმცა, კონკრეტული შიშების, ემოციებისა და მარადიული პრობლემების გამოყენებით, სრულად მარტივად ხდება აუდიტორიისა და ელექტორატის მობილიზება. 


დაუსრულებელი დარღვევების, თაღლითობის, თუ კანონის ფარგლებშიც კი მოქცეული არაკეთილსინდისიერი ხრიკების ნაკადი, და კიდევ უფრო მეტწილად, მოქალაქეების აღქმა, რომ მათი პოლიტიკური ნება არ აისახება არც საარჩევნო შედეგებში, არც კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა თუ ყოველდღიურ პოლიტიკაში, აჩენს ღრმა იმედგაცრუებასა და პოლიტიკურ აბსენტეიზმს. ეს კი, თავის მხრივ, ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს როგორც საერთო არეულობისთვის, ისე რადიკალური იდეოლოგიებისა და ექსტრემიზმის განვითარებისთვის, რა დროსაც „იჩეკებიან“ ნეო-პოპულისტური ფიგურები.


მასიური პესიმიზმისა და გაურკვევლობის წიაღში, მყისიერი კრიზისის პირისპირ, ნეო პოპულისტების მიერ შეთავაზებული მოკლევადიანი და ზედმეტად მარტივი „გამოსავალი“ სწრაფად იძენს პოპულარობას ჰეტეროგენულ ჯგუფებში. თუმცა, ნეო-პოპულიზმი იმთავითვე გამორიცხავს მედიაციას, იგი უშუალოდ აკავშირებს ლიდერს (მოძრაობას) საზოგადოების ფართო ჯგუფთან, ქმნის ილუზიას, რომ ემსახურება ხალხის დაკვეთის შესრულებას. 


ნეო-პოპულიზმის დიქოტომიური ხასიათი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ „ხალხის ნების“ საფარქვეშ, მისი „ბატონობა“ იკვებება „დაყოფით“ და მოითხოვს მსხვერპლის - „ხალხის მტრის“ გამოყოფას და დასჯას. თუმცა, ტოქსიკურ მასკულინურ კულტურაში  განსაკუთრებით მოწონებულია ყველაზე დაუცველი და ყველაზე ჩაგრული ჯგუფების მიზანში ამოღება - სწორედ მათი, ვისზე თავდასხმისთვისაც მათ საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხს არ მოსთხოვს (რის შემდეგადაც უკვე სხვა ჯგუფებზე შეტევაც უფრო იოლდება). 


ნეო-პოპულიზმის ორიგინალობა გამოიხატება მის მოქნილ ხასიათშიც: ის იღებს ზუსტად იმ ფორმას, როგორიც „მიმღები“ ქვეყნის სუბკულტურისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა, ნედლი მასალის მიუხედავად, რეცეპტი უცვლელი და მარტივია:

-  ვიღებთ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს

-  ვამარინადებთ წინასწარ მომზადებული დიდაქტიკის ნაზავში

-  არ დაგვავიწყდეს „საიდუმლო“ ინგრედიენტი: ჰომოფობია, რის გარეშეც, კერძი მის გემოვნურ თვისებებს კარგავს

-  უხვად მოვაყაროთ ნარცისიზმი 

-  თითო სუფრის კოვზი სოციალური და გეოპოლიტიკური თემები (ცოდნაც იმავე კვლევითი ორგანიზაციებიდან უნდა იყოს მიღებული, რომელსაც, მოგვიანებთ, გვარიანად გავლანძღავთ)

დამუშავებული მასა გამოვაცხოთ ნაციონალიზმის ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე ხრაშუნა ტექსტურისთვის. სუფრაზე მივართვათ ტოქსიკურ მასკულინობასთან ერთად. 


სულ ეს არის.


პრობლემები პრობლემებად რჩება, ნიჰილიზმი და პესიმიზმი უფრო მძიმედ ღვივდება და წრე კვლავ მეორდება. იქნებ, ერთხელაც გვეცადა პოლიტიკური სუფრის განსხვავებულად გაწყობა?


 ბლოგის ავტორი: თამარ საძაგლიშვილი


 „Unlimited power in the hands of limited people always leads to cruelty”, Cloud atlas, დევიდ მიჩელი, 2004, იხ. საიტზე