იან.
1921-1953 წლებში, საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში დახვრიტა ოცი ათასი, ასობით ათასი გადაასახლა და ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე გააგზავნა საბჭოთა ბანაკებში. დღემდე უცნობია, თუ რამდენი გარდაიცვალა წამებით, დაკითხვების დროს.
რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებსა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვას, 2 ქართველი წმინდანი, კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) და კირიონ II (გიორგი საძაგლიშვილი) შეეწირა. რუსეთს არც საბჭოთა კავშირის დროს დაუწყია ქართველი მღვდელმსახურების დევნა და არც მისი დაშლის შემდეგ დაუსრულებია.
„დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი.“ - გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი ამ ცნობილი მიმართვის ავტორი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამბროსი ხელაიაა, რომელიც დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ და მიუსაჯა თითქმის რვა წლიანი პატიმრობა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II-ის მკვლელობამდე, მის დაკავებასთან დაკავშრებით მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს აკაკი წერეთელი წერდა: „კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა“, „წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი არ დავბრუნდები, მტერს კი არ გავახარებ.“ ამავე წერილში აკაკი ასევე აღნიშნავდა საერთაშორისო, მათ შორის, ევროპის მხარდაჭერას, რომელიც საქართველომ მიიღო მისი მეგობარი ქვეყნებისაგან კირიონის დაპატიმრების დროს.
არაერთი სამღვდელო და სამოქალაქო პირი შეეწირა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას. ამ ადამიანების მემკვიდრეებსა და საზოგადოებას დიდი ვალდებულება გვაქვს, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ის, რის გამოც თავს წირავდნენ ჩვენი წინაპრები.
საინტერესოა - ასეთი მძიმე წარსულის მქონე სახელმწიფოში, რა იწვევს იმ შერჩევით ამნეზიას, რაც მოჩვენებითი კეთილდღეობით ამართლებს საზოგადოების წინაშე მრავალ მძიმე დანაშაულს? ეს კი მაშინ, როდესაც საბჭოთა არქივში უხვად არის წარმოდგენილი სტალინის პირადი ხელმოწერით ქართველთა გადასახლების, რეპრესიისა და დახვრეტის ბრძანებები. სტალინის ნებისმიერი ფორმით გამოსახვა ხატზე, სამების ტაძარში, შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მათ შორის, რელიგიური მრწამსის მიმართ. ამასთან საპატრიარქოს განცხადება ადასტურებს, რომ აღნიშული ხატი ხატწერის კანონიკის დარღვევით იქნა დაწერილი და მიუთითებს: „მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ.“
არსებული სიტუაციის ფონზე, საინტერესოა კიდევ ერთი კითხვა - რას ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ფორმაზე ყურადღების გადატანა? „საზოგადოების გახლეჩა“ და ყურადღების გადატანა დიდი ხანია მიჩნეული კლასიკური საინფორმაციო ომების, დეზინფორმაციის ნაწილად. ირონიულია რომ საბჭოთა კავშირის დროს რუმინეთის საიდუმლო პოლიციის მაღალჩინოსნის, იონ მიჰაი პაჩეპას თქმით, „დეზინფორმაცია“, მისი დღეს არსებული დანიშნულების და გამოყენების ფორმით თავად იოსებ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიფიქრა.
რუსეთს დანაშაული მიუძღვის საკუთარი წმინდანის მიმართაც: რუსეთი იყენებს წმინდანების უდიდეს გავლენას დეზინფორმაციისთვის, და მიაწერს წმინდან მატრონას ფრაზებს, როგორიცაა „უკრაინა იქნება ბოლო ნაბიჯი დიდი რუსული სამყაროს მისაღწევად“. ამით რუსეთი ამართლებს მის იმპერიალისტურ ზრახვებს, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის რღვევას ყველა საერთაშორისო ნორმის საწინააღმდეგოდ.
საშინელი დანაშაულების მიუხედავად, რუსეთი კვლავ გვინერგავს, მრავალი პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული წყაროთი, რომ სწორედ ის არის ჩვენი „ერთმორწმუნე ძმა.“ ამის პარალელურად, მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს ბოროტად იყენებს პოლიტიკური ელიტაც: უკვე დაიწყო საუბრები „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე, შეტევა სამოქალაქო საზოგადოებზე, რაც, სინამდვილეში,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის შენიღბული მცდელობაა.
სამწუხაროდ, ეს პირველად არ ხდება: რუსეთმა საქართველოს გასაბჭოება გაამართლა მათ შორის, საქართველოს „განუვითარებლობითა“ და შიდა დაპირისპირებით, მიუხედავად იმისა, რომ 1918-1921 წლებში საქართველოს ჰქონდა მოწინავე კონსტიტუცია და დემოკრატიული მართვის მოდელი. მსგავსი დეზინფორმაცია რუსეთმა მაშინ გამოიყენა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
დღესაც, როდესაც ქართველი ხალხის რწმენას რუსეთი იარაღად იყენებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, ქმნის ხელოვნურ შიდა დაპირისპირებებსა და ხლეჩს მოსახლეობას, რამდენად მზად ვხვდებით საზოგადოება ამ მანიპულირებას? რამდენად გვაქვს, მთლიანად საზოგადოებას, გააზრებული, თუ რა მოხდა ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში, რა წაგვართვა რუსეთის იმპერიამ - მათ შორის, სტალინიზმის სახით? თუ ვერ შევძლებთ პასუხი გავცეთ ამ კითხვებს, არ ვართ დაცული ისტორიის განმეორებისგან.
ავტორი: თამარ საძაგლიშვილი