10
მაი.
10 მაი 2023
განცხადება რუსეთთან ფრენების დანიშვნისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის ეხმიანება რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციას საქართველოსთან ფრენების აკრძალვის მოხსნისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, რაც  საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია. 

 

იმ პირობებში, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, განაგრძობს ფართომასშტაბიან აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რეგულარულად არღვევს ომის კანონებს და ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, რუსეთის ფედერაციის ნაბიჯები სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სანქცირებული რუსული ავიაკომპანიების ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით წარმოადგენს პროვოკაციას და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მორიგ ელემენტს.

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისიდან გაუქმდება. აგრეთვე, მისი 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.

 

კოალიცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც სასწორზე დევს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი, საქართველოს მთავრობამ არ უნდა დაუშვას რუსული გავლენის გაზრდა და ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მისაღწევად.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:


ღია სივრცე კავკასია (COS)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ევროპულ-ქართული ინსტიუტი (EGI)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 

ფრანკლინის კლუბი

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

სოვლაბი