
დეკ.
მიმდინარე წლის 13 დეკემბერს ღია სივრცე კავკასიამ (COS) ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის: „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ ფარგლებში სამდღიანი კომბინირებული სამუშაო შეხვედრები გახსნა, რომელიც სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და საბაზისო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებისა და გამოცდილების საკითხებს ეხება.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა: პარლამენტის თემატური გაძლიერება კანონშემოქმედებითი საქმიანობისათვის ასოცირების ხელშეკრულების ჰარმონიზაციის პროცესში. ხოლო მისი ამოცანებია:
- შეიქმნას თემატურ კვლევებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო პარლამენტის წევრებისთვის, რათა თემატურ საკითხებში: სოფლის მეურნეობის, გარემოს და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად;
- ამაღლდეს ცნობიერება და წარიმართოს კონსტრუქციული დიალოგი, რომელიც ხელს შეეწყობს პლატფორმის შექმნას შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ადგილობრივი არასამთავრობო/საკითხით დაინტერესებული ექსპერტული ცოდნის მქონე ორგანიზაციებს შორის.
კომბინირებული სამუშაო შეხვედრების გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ლუს ლამერტსი, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის/გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა სახელმძღვანელოც: „ევროინტეგრაცია და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და ევროინტეგრაცია სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში“, რომელიც განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა სარგებლობისათვის.
ტრენინგი, სამუშაო შეხვედრა და სახელმძღვანელო მოიცავს ასევე:
- ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში პრაქტიკულ გამოცდილებას, მაგალითებს და პროცედურებს;
- ევროკავშირის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ჩარჩო მიდგომის მეთოდოლოგიას, რის მიხედვითაც სახელმწიფოები გეგმავენ, განახორციელებენ და აფასებენ სახელმწიფო პოლიტიკას, პროგრამულ და საბიუჯეტო საქმიანობას.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე დიალოგის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რისთვისაც წარიმართა დისკუსიები ჰარმონიზაციის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.