7
აპრ.
7 აპრ 2024
„უცხოური გავლენის ქვეშ“: რუსული კანონის ინიცირება 9 აპრილის წინა დღეს

 

9 აპრილამდე ერთი დღით ადრე, ქართული ოცნება განხილვაში აბრუნებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ - რომელიც მიზნებით, შინაარსით და სათაურითაც კი იმეორებს რუსეთის დუმას მიერ 2022 წლის 1 დეკემბერს მიღებულ კანონს1: „О контроле за деятельностью лиц, находящихся под иностранным влиянием”. რუსეთის დუმას (რუსული პარლამენტის) თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეს კანონი მიმართულია ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ და მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც მიიღონ იგი - დაახლოებით ერთი თვის წინ, ყირგიზეთმა უკვე მიიღო ეს კანონი პუტინის ვიზიტიდან სულ რამდენიმე თვეში. 

 

ახლა კი უკვე მეორედ საქართველოს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს აღნიშული კანონი; მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან, სწორედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - მათ შორის, ევროკავშირისა და ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ძირეული ინსტიტუტების შექმნა: მათ შორის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებისთვის განკუთვნილი დაფინანსებით. გარდა სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებისა, საქართველომ მილიარდობით დახმარება მიიღო სოციალურად დაუცველების ფინანსური უზრუნველყოფის, სკოლების, ბაღების, ამბულატორიების, გზების აშენებაში, სახანძრო, სასწრაფო მანქანების, და კიდევ სხვა მრავალი მიმართულებით - მათ შორის, საქართველოს მემკვიდრეობის დასაცავად და მისი ეკლესიების რეაბილიტაციისთვის.


საქართველოს თითოეული მოქალაქის - საჯარო მოხელის, არასამთავრობოს თანამშრომლისა თუ სხვა რიგითი მოქალაქისთვის, ყველასთვის თანაბრად ღირსების შემლახავია, როდესაც გვაიძულებენ სახელმწიფო იმართებოდეს რუსული კანონით, რაც განსაკუთრებით მძიმეა 9 აპრილის კვირეულში.


მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ იცოდეს ზუსტი ინფორმაცია, ამიტომ გიზიარებთ რამდენიმე საკვანძო წყაროს, სადაც ჩანს, რომ საქართველოში უკვე არსებობს გამჭირვალობისთვის აუცილებელი კანონმდებლობა:

1. გაერთიანებული ინფორმაცია საქართველოს პარტნიორების ფინანსურ მხარდაჭერაზე მთავრობის ვებგვერდზე (ხელმისაწვდომია 7 აპრილის მდგომარეობით): https://eaims.ge

 

2. გრანტების შესახებ საქართველოს კანონი, სადაც ჩანს მთავრობის ნება, მიიღოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორებისგან, და რითაც განსაზღვრულია გამჭირვალობის სტანდარტი: https://matsne.gov.ge/document/view/31510?publication=30

 

3. ლობისტური საქმიანონის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია არეგულირებს ლობისტურ საქმიანობას საქართველოში: https://matsne.gov.ge/document/view/13552?publication=7

 

4. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც დამატებით ვალდებულებებს აწესებს გამჭირვალობის შესახებ: https://matsne.gov.ge/document/view/4690334?publication=5

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითად დასტურდება, რომ რუსული კანონპროექტი არაევროპულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპებს:https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-217751%22]}

 



1. რუსეთის დუმას საიტი: http://duma.gov.ru/news/55879/