მაი.
უკვე რამდენიმე წელია, რაც ა.შ.შ-მ და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ ჩინეთი ოფიციალურ საგარეო და უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტებში მზარდ საფრთხედ მიუთითა1 ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების მიერ ე.წ. „ჩინური ფინანსური მახის" სქემებიდან გამომდინარე.
ჩინეთის სახელმწიფოს კომპანიები იყენებენ ეკონომიკური ჩარევის მოდელს: ეკონომიკურად სუსტი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მიმღები სახელმწიფოსთვის ცალსახად არახელსაყრელი პირობებით, რაც დროთა განმავლობაში იწვევს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გადაცემას ჩინეთის მთავრობისთვის (როგორც მოხდა, მაგალითად, შრი-ლანკის ჰამბანტოტას პორტის შემთხვევაში, სადაც ჩინეთმა ფინასური მანიპულაციებით აიძულა შრი-ლანკა პორტი 99 წლის ვადით დაეთმო2).
მსგავს კომპანიებს შორის, გამორჩეულია ორი ჩინური კომპანია (China Communications Construction Company (CCCC) და China Harbor Engineering Company (CHEC). ორივე კომპანია 2005 წლის შერწყმის შემდგომ ერთიან კონგლომერატად აგრძელებს საქმიანობას), რომელთა შესახებაც არსებობს მტკიცებულებებით გამყარებული ცნობები მათი კორუფციასა და სხვა საერთაშორისო დანაშაულში ჩარევის შესახებ. ეს ორი კომპანია ჩართული იყო შემდეგ დანაშაულებრივ სქემებში: რომელიც მოიცავს, თაღლითობას, დახმარების შენიღბვის ფორმით სტრატეგიულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მართვის სადავეების მოპოვებას, ქრთამის, დაბალ ხარისხიანი მასალის გამოყენებას და სხვა. მაგ:
- 2009 წლიდან 2017 წლამდე აკრძალული იყო მსოფლიო ბანკის მიერ ფილიპინებში გზების პროექტთან დაკავშირებული თაღლითური პრაქტიკის გამო3;
- 2020 წელს აშშ-ს შავ სიაში შეიყვანა, "ვალების ხაფანგის დიპლომატიას" გამო, ეს ეხება სიტუაციებს, როდესაც ქვეყნები დიდ ვალს იღებენ ჩინეთის წინაშე და შედეგად, უწევთ კონტროლის გადაცემა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ან პოლიტიკური დათმობების გაკეთება4;
- მონაწილეობდა კენიაში კიპევუს ნავთობის ტერმინალის სატენდერო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევაში, რის შემდგომაც შავ სიაში მოხვდა5;
- ბოლივიაში, კოსტა რიკაში, ჰონდურასში, იამაიკაში დაადანაშაულეს დაბალი ხარისხის მასალების გამოყენების, დაცულ ტერიტორიებზე დაბინძურების, ტერიტორიის მოვლა-პატრონობის ნაკლებობის, დაგვიანებების, ქრთამის გამოყენებაში6.
სწორედ ეს ორი კომპანია - China Communications Construction Company (CCCC) და China Harbor Engineering Company (CHEC) შეარჩია ქართულმა ოცნებამ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამართულ სახელმწიფო ტენდერში, რუსული კანონის მიღებიდან სულ რამდენიმე დღეში.
ამავდროულად, აუცილებელია გავიაზროთ ანაკლიის ფუნდამენტური მნიშვნელობა როგორც ეროვნული, ისე ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეშვეობით, საქართველოს შეუძლია გახდეს ცენტრალური დერეფანი მსოფლიოს ეკონომიკურ ეკოსისტემაში, რითაც გაიზრდება საქართველოს მნიშვნელობა და შესაბამისად - მისი უსაფრთხოების გარანტიები (მით უფრო, რომ მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი მსგავსი დერეფანი - ჩრდილოეთით, რუსეთის გავლით - რაც ამ ეტაპზე პრობლემურია რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, და სამხრეთ დერეფანი, რომელიც თითქმის ოთხჯერ უფრო ძვირია გადამზიდველებისთვის და მოითხოვს დაახლოებით სამჯერ მეტ დროს გადაზიდვებისთვის). აღნიშნულის გათვალისწინებით კი ლოგიკურია, რომ საქართველოს, კერძოდ კი ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესს ბევრი ქვეყნის სხვადასხვა კომპანია იჩენს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მსგავსი ინტერესის არსებობის ფარგლებში არჩევანი შეეჩერებინა ამ კომპანიებზე აჩენს კითხვებს, რატომ ან რა მიზეზით მიიღო ქართულმა ოცნებამ მსგავსი გადაწყვეტილება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქართველოს ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია პორტის მშენებლობა და/ან ადმინისტრირება მიენდოს ისეთ კომპანიებს, ვინც დადასტურებულად იყო ჩართული, მათ შორის, სისხლის სამართლისა და სხვა დანაშაულებრივ სქემებში. მით უფრო, როდესაც აღნიშნული კომპანიები დაკავშირებულია ისეთ სახელმწიფოებთან, ვისაც აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების არალეგიტიმურად მისაკუთრების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით.
გარდა დასახელებული საფრთხეებისა, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ღრმაწყლოვანი პორტს პატარა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისთვის, მითუმეტეს იმ კონტექსტში, როდესაც საქართველოსთვის შავ ზღვაზე გამავალი სხვა პორტი (გარდა ბათუმის და ფოთის ნავსადგურებისა) მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში. მსგავს პორტს შეუძლია შეასრულოს თავდაცვისუნარიანობისთვის აუცილებელ ფუნქცია - როგორც ჰუმანიტარული დახმარების მოწოდებისთვის, აგრეთვე ავიამზიდების, წყალქვეშა ნავების და გამანადგურებლების განსათავსებელად. ასევე შესაძლებელი იქნება დიდი მოცულობის მომარაგების გემების დოკირება და გადმოტვირთვა, რაც გადამწყვეტია სამხედრო ოპერაციების შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით გაფართოებული განლაგების ან კონფლიქტების დროს. გარდა ამისა, ღრმაწყლოვანი პორტები იძლევა საზღვაო ძალების სწრაფი განლაგების საშუალებას, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიულ მოქნილობას. ეს გარემოებები განსაკუთრებით მძიმეა, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 7 თვეა საქართველოს პარლამენტს შეჩერებული აქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 35 კილომეტრიანი მუდმივი სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით რეზოლუციის განხილვა, რომელიც 2024 წლის 20 მაისს დამატებით 3 თვით გადაიდო. ამასთან, რუსული კანონის მიღების პარალელურად, გაძლიერდა ეჭვები სახელმწიფოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც ასევე ამძიმებს კითხვებს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი როგორც, ახალი დამატებითი სტრატეგიული ობიექტი აუცილებელია და მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკური ისე ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ არსებული მდგომარება და პოლიტიკური რეალობა რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. ქართული ოცნების მიერ ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევისას და არსებული საფრთხეების ფონზე, ჩნდება კითხვები იმის შესახებ რამდენად შეასრულებს ანაკლიის პორტი იმ ფუნქციას რაც მას თავდაპირველად ქონდა და პირიქით, ხომ არ გახდება ეს პორტი მომავალში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების რისკი.
1. დოკუმენტების ხელმისაწვდომია საჯაროდ
2 სტატია შრი-ლანკის პორტის შესახებ
4 სტატია აშშ-ს მიერ Сhina Communications Construction-ს შავ სიაში ჩასმის შესახებ
5 სტატია China Communications Construction Company (CCCC)-ს მიერ კენიაში მოქმედებების შესახებ
6 სტატია კომპანიის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში დარღევებისა და დანაშაულების შესახებ