26
ოქტ.
26 ოქტ 2024
ყველა სიახლე კენჭისყრის მიმდინარე შეფასება 17:00

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 200-მდე მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც საარჩევნო უბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.

წარმოგიდგენთ დაკვირვების შედეგებს, რომელიც ეფუძნება დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციას დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთში კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე.

 

ძირითადი მიგნებები

კენჭისყრის პროცესი ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ასევე, მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, აგრეთვე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობისა და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი დარღვევის ფონზე მიმდინარეობს. საარჩევნო დარღვევების მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა, ასევე, სამეგრელოსა და თბილისში.

16:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1227 უბნიდან. “ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში:

●      მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს - 70 უბანზე;

●      ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 47 უბანზე;

●      არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ - 139 უბანზე;

●      ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 38 უბანზე;

●      იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა;

●      ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე;

●      “ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე.

შიდა ქართლში კერძოდ, ქარელში, კასპში, გორში, ასევე, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულსა და ბოლნისში, დიდი რაოდენობით, ასევე, თბილისში იდენტიფიცირებული იქნა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობა, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაში ხელშეშლა, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობა.

შიდა ქართლში და ქვემო ქართლში არსებული საარჩევნო დარღვევების სიმძიმე და რაოდენობა, რომელიც მოიცავდა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობას, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვების ხელშეშლას, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობასა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობასა და უბნებიდან გაძევებას, ერთობლიობაში ქმნის ამ რეგიონებში სისტემური საარჩევნო მანიპულაციების დასაბუთებულ ეჭვს. ამავე რეგიონებში პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები.

კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება საეჭვო ამომრჩევლის იდენტიფიკაციის მიზნით ვერიფიკაციის აპარატებზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლა ჩვენი დამკვირვებლებისთვის, განსაკუთრებით შიდა ქართლში.

უბნების გარეთ ფიქსირდება ამომრჩევლების გამოცხადების აღრიცხვა, მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კოორდინატორების მიერ, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლს და არის უკანონო.

გამოვლენილია კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩევლისთვის“ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმის მიცემის მინიშნების შემთხვევები.

ამ დროისთვის, ამომრჩევლის აქტივობა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მაღალია. ფიქსირდება რიგები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალია  საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

ამ დროისთვის შეწყვეტილია მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრა კოალიციის დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული ბიულეტენების ჩაყრის ფაქტის გამო. საარჩევნო უბნის აპარატურის დაზიანების მიუხედავად, გრძელდება საარჩევნო პროცესი ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე.

ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია: 184 საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, 27 საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაფიქსირებულია 133 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

 

მნიშვნელოვანი ინციდენტები:

●      ფიზიკური ძალადობა/მუქარა/ზეწოლა

მარნეულის 22-ე ოლქის 74-ე უბანზე გაუშვეს დაუდგენელი აირი, რამაც გამოიწვია თვალებისა და სასუნთქი გზების წვა. მანამდე, ამავე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ მიეცა საარჩევნო პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა. მას ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

ამ დროისთვის კენჭისყრის პროცესი შეწყვეტილია მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კოალიციის დამკვირვებელს ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საარჩევნო უბანი. ძალადობა კოალიციის დამკვირვებელზე მაშინ განხორციელდა, როდესაც ის საარჩევნო ყუთში ბიულეტენების  ჩაყრის ფაქტს ვიდეოკამერით იღებდა.

თბილისში, გლდანის მე-10 ოლქის 60-ე, 59-ე და 58-ე უბნებზე, ტენდენციის სახით გამოიკვეთა არეულობა, რა დროსაც, სავარაუდოდ ხდება არამარკირებული ამომრჩევლების უბანზე შეშვეაბა. დამკვირვებელს, რომელიც ცდილობს აღნიშნულის გადაღებას ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით.

მარნეულის 50-ე უბანზე (22.50) დამკვირვებელს არ აძლევენ დაკვირვების საშუალებას და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. მუქარის ავტორია ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსის მქონე იმან ისმალოვი და არაიდენტიფიცირებადი პიროვნება ბეიჯის გარეშე. დარღვევების დაფიქსირების საბაბით ჩვენი დამკვირვებელი გამოაძევეს უბნიდან.

  

●      დამკვირვებლის/წარმომადგენლის/მედიის უფლებების უკანონო შეზღუდვა

 რიგ რეგიონებში დამკვირვებლებს კვლავ არ ეძლევათ საშუალება დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს. კერძოდ: გორის 32-ე ოლქის მე-8 და მე-9 საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელს არ აძლევენ ვერიფიკაციის აპარატებთან მიახლოებისა და ასევე, კომისიის თავმჯდომარის მითითებით უბანზე გადაადგილების შესაძლებლობას.

 საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ,  ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ათამდე ინციდენტი დაფიქსირდა. ტვ პირველისა და მთავარი არხის ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საარჩევნო პროცესის გაშუქებისას. ახმეტაში “მთის ამბების” მთავარ რედაქტორს გელა მთივლიშვილს და მის კოლეგას ხელი შეუშალეს გადაღებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ჟურნალისტის გაცხადებით “შეაფურთხეს”. ქუთაისში #2 საარჩევნო უბანზე, cnews-ის ჟურნალისტს სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მარნეულის N7 საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა დამკვირვებელმა რადიო "მარნეულის" ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე კახეთში, ქვემო ხოდაშენში თავდასხმა განხორციელდა. კახეთში სავრაუდოდ "ქართული ოცნების" მხარდაჭერები "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

 

●      კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

 ქარელში 27-ე უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის კაბინაში სამი პირის ერთდროულად შესვლა. დამკვირვებელს, რომელმა ეს დარღვევა დააფიქსირა, დაემუქრნენ გაძევებით.

ქარელის მე-12 და ხაშურის 23-ე უბნებზე ჩარჩო კონვერტები არის მოკლე და ჩანს ამომრჩევლის მიერ გაფერადებული კანდიდატები, ხოლო ქარელის მე-12 უბანზე, ამომრჩევლები, რეგისტრატორის მითითების მიუხედავად, კანდიდატს აფერადებენ კაბინების გარეთ.

ბოლნისის მე-19 უბანზე დაფიქსირდა ხმის ფარულობის დარღვევის ათეულობით შემთხვევა. სენაკში სამ უბანზე (მე-15, 68-ე, მე-13), ზუგდიდში ორ უბანზე (59-ე, 55-ე) და ჩხოროწყუში ერთ უბანზე (მე-6) დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა. 

გორის 22-ე უბანზე ამომრჩეველმა ფოტო გადაუღო ბიულეტენს. ბოლნისის სამ უბანზე (მე-4, მე-17 და 23-ე) კენჭისყრის  კაბინაზე აფარებულია დამატებითი მუყაო, რაც შეუძლებელს ხდის ამომრჩევლის მიერ შესაძლო ფოტოგადაღებაზე დაკვირვებას.

კასპის მე-16 უბანზე “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” დამკვირვებელი ამომრჩევლებს მიჰყვება საარჩევნო ყუთთან და ცდილობს დააფიქსიროს ვის მისცეს ხმა. ამის მსგავსად, მარნეულში, 30-ე უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ამომრჩეველს შეჰყვა კაბინაში, ხოლო მე-16 უბანზე იმავეს აკეთებს - კომისიის თავმჯდომარე.

 

●      მარკირების შეუმოწმებლობა და მარკირების გარეშე ხმის მიცემა

დაფიქსირდა მარკირების სითხის/ფანრის გაუმართაობასთან დაკავშირებული, ასევე,  არასწორი მარკირების შემთხვევები. მარკირების სითხე ან ფანარი გაფუჭებული იყო თბილისის მე-5, მე-6 და მე-10 საარჩევნო ოლქებში 9 საუბნო საარჩევნო კომისიაში. ქარელის 33-ე ოლქის ორ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მარკირების შეუმოწმებლობის შემთხვევები. მარნეულის მე-14 უბანზე და ბოლნისის 23-ე უბანზე დაფიქსირდა მარკირების შეუმოწმებლობის მრავლობითი შემთხვევა.

კასპის 30-ე საარჩევნო ოლქში ორ სხვადასხვა უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს არ გაუკეთა მარკირება. გორის 32-ე ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე არ ჩანს ულტრაიისფერი ფანრით შემოწმებისას. მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა ზუგდიდის (67-ე ოლქის) მე-20 უბანზე.

 

●      ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის დარღვევები

 ცალკეულ ფაქტად გამოვლინდა ქარელის 33-ე ოლქში 28-ე საარჩევნო უბანზე ერთი რეგისტრატორის მიერ მხოლოდ პასპორტის მქონე ამომრჩევლების მიღება. ამავე რეგისტრატორთან გამოვლინდა შემთხვევა,  როდესაც  ვერიფიკაციის აპარატმა გამოსცა ხმოვანი განგაში, რაც მოსული ამომრჩევლის მონაცემების სიასთან გადამოწმების საჭიროებაზე მიუთითებდა, თუმცა, რეგისტრატორმა დამკვირვებელს არ მისცა ვერიფიკაციის აპარატის მონაცემების შემოწმების უფლება. დამკვირვებელს არ ეძლევა შესაძლებლობა ახლო მანძილიდან დააკვირდეს ვერიფიკაციის პროცესს. 

ანალოგიურად, მარნეულის 48-ე უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ამომრჩეველი, რომელსაც პასპორტში ედო ფურცელი რომელზეც ეწერა პირადი ნომერი.  სავარუდოდ ამომრჩეველს სურდა ხმის მისაცემად მისი გამოყენება. როდესაც დამკვირვებელმა დააპირა ამ ფაქტის ფოტო-ვიდეო გადაღება, ერთ-ერთმა კომისიის წევრმა, ფიზიკური ზემოქმედების საშუალებით დაატოვებინა კენჭისყრის შენობა. მას შემდეგ რაც იგი დაბრუნდა უბანზე, კომისიამ ხელშეშლის საფუძვლით გააძევა უბნიდან.

გარდაბნის 21-ე უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა განმეორებით ხმის მიცემის 15 მცდელობ. ჩვენმა დამკვირვებლებმა ყველა შემთხვევაში გააბრუნეს უკან პოტენციური გამყალბებელი.

 

●      წინასწარ გაფერადებული ბიულეტენის გადაცემა

დაფიქსირდა ზუგდიდის 67-ე ოლქის 10-ე უბანზე, იმერეთში 48-ე ოლქის მე-11 უბანზე  და ჩხოროწყუს (69-ე ოლქი) მე-2 უბანზე,  ამომრჩევლისთვის გაფერადებული ბიულეტენის გადაცემის ფაქტები.

სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა.

 

●      აგიტაცია კომისიის წევრების მხრიდან

გამოვლინდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ცალკეული ფაქტი. კერძოდ, გორის  32-ე ოლქის 77-ე და მე-7 საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორები ამომრჩევლებს მიუთითებენ  “ქართულ ოცნებისთვის” ხმის მიცემაზე. 

მარნეულის მე-22 ოლქის 44-ე უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრები ბიულეტენის გადაცემისას თითით მიუთითებდნენ ამომრჩევლებს შემოეხაზათ 41-ე ნომერი. ასევე, მარნეულში 36-ე უბანზე კომისიის წევრი ამომრჩეველს მიუთითებს, რომ ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას”. იგივე ვითარებაა,  ბოლნისის 23-ე ოლქის 56 უბანში, სადაც კომისიის წევრი, სხვა წევრებს მიუთითებს რომ ხმა მისცენ 41-ს.

 

●      ხარვეზები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობაში

 ტექნიკური გაუმართაობა კვლავ გამოწვევად რჩება სამეგრელოში, სადაც ზუგდიდის 67-ე  ოლქის მე-14 უბანზე ხმის მიცემის აპარატის გაფუჭების გამო ხმის მიცემა შეჩერდა.  აპარატები მწყობრიდან არის გამოსულ. ანალოგიურად ზუგდიდის 59-ე უბანზე, 12:15 საათიდან მწყობრიდან იყო გამოსული აპარატები, რის გამოც ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა. ასევე, ზუგდიდის 67-ე ოლქის 24-ე უბანზე მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის აპარატი. ანალოგიურად ხობის 66-ე ოლქის მე-20 უბანზე ხმის მიცემის აპარატი გამოვიდა მწყობრიდან, იგი გაიხსნა და ხელახლა დაილუქა.

  

●      საარჩევნო მასალების დაზიანება/გატაცება

 გავრცელდა ბაღდათის 23-ე უბნის დარბევის ამსახველი ვიდეომასალა. კოალიციის დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ დარბევის შემდგომ კომისიამ გააგრძელა ხმის მიცემის პროცედურა და ამომრჩევლები ხმას 1 ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატის მეშვეობით აძლევენ.

 

●      არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე

სენაკის 66-ე საარჩევნო ოლქში მე-14 უბაზე გამოყენებული იქნა  ყალბი ბეიჯი.

ჩხოროწყუში, 69-ე ოლქის მე-10 უბანზე და ზუგდიდში 67-ე ოლქის მე-11  საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის მიზნით განმეორებით შესვლის  მცდელობა. 

 

●      ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა

გორის 32-ე ოლქში, ქარელს 33-ე ოლქში და ხაშურის 35-ე ოლქში, თითო-თითო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლებისათვის ორი ბიულეტენის გაცემის შემთხვევები. იგივე დაფიქსირდა ზუგდიდი ორ (მე-3 და 23-ე) და ხობის ერთ (მე-3) უბანზე.

 

●      უცხოეთის უბნებიდან მიღებული ინფორმაცია

 ევროპის მასშტაბით საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მაღალი აქტივობა და ამომრჩეველთა რიგები ფიქსირდება. მაღალ აქტივობას სათანადოდ ვერ პასუხობს კენჭისყრის შენობების მოწყობა. კომისიები სათანადოდ ვერ უმკლავდებიან ამომრჩეველთა ნაკადებს. მსგავსი სურათია პარიზში, ბერლინში, პრაღაში, ბრიუსელში, მადრიდში, მაინის ფრანკფურტში, ლონდონში, შტუტგარტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მადრიდში, სადაც შენობის განლაგება რიგებს კიდევ უფრო აბრკოლებს. მოქალაქეებს 2 საათიან რიგში უწევთ დგომა.

მილანში გაფუჭდა მარკირების შესამოწმებელი ფანარი. ასევე, უბანზე მისული ამომრჩეველი, რომელიც ფიქსირდება ცესკოს საიტზე არსებულ სიაში, არ აღმოჩნდა სამაგიდე სიაში და ვერ შეძლო ხმის მიცემა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ბერლინშიც.

 რიგ შემთხვევებში, მაგალითად ათენში, საარჩევნო უბნებზე არ არის საკმარისი სივრცე, რაც იწვევს ქაოსს, დაძაბულობას და დამკვირვებლებს ეზღუდებათ დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა.

ამ დროისთვის დამკვირვებლებმა ორი საჩივარი დაწერეს  პრაღის 25-ე და ათენის 38-ე უბნებზე. 3 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანწერთა წიგნებში მილანსა და ფრანკფურტში.

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა”-ს დამკვირვებლები მთელი ღამის განმავლობაში მოგვაწვდიან შემაჯამებელი ოქმის ფოტოებს, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე wevote.ge. ამავე ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი დამკვირვებლების მიერ გადმოგზავნილი კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის (კონსოლიდირებული საბოლოო ანგარიშის) ფოტოები იმ საარჩევნო უბნებიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. წინასწარი შედეგების ამონაწერისა და შემაჯამებელი ოქმების ფოტოების საჯაროობა “ჩემი ხმას” ვებ-გვერდზე ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს გადაამოწმოს ცესკოს მიერ ოფიციალურად დადებული მონაცემების თანხვედრა დამკვირვებლების მიერ უბნებზე მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტებთან.