ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 200-მდე მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც საარჩევნო უბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.
წარმოგიდგენთ დაკვირვების შედეგებს, რომელიც ეფუძნება დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციას 15:00 საათიდან 17:00 საათამდე კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე.
ძირითადი დასკვნები
არჩევნები მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში ძალადობრივი ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს. კოალიციამ “ჩემი ხმა” დამკვირვებლების მიმართ გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებისა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების რეალური რისკების გამო მიიღო გადაწყვეტილება მარნეულის ცალკეული საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლების ევაკუაციის თაობაზე.
ამ დრომდე, მარნეულში არჩევნები ძალადობრივი ზეწოლის გარემოში მიმდინარეობს. როგორც უბნების შიგნით, ასევე, უბნების გარე ტეროტორიაზე მობილიზებული არიან ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ჩვენს დამკვირვებლებს ემუქრებიან და გადაადგილებას უზღუდავენ. ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის საარჩევნო ოლქებშიც. თბილისის მეხუთე ოლქის პირველ უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მარნეულსა და გარდაბანში ფიქსირდება საკუთარი პასპორტით, მაგრამ სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემის ფაქტები, რაც კომისიის წევრების ჩართულობით ხორციელდება და სავარაუდოდ, არჩევნების წინ პირადობის მოწმობების მასიურად ჩამორთმევის ფაქტებს ადასტურებს, მის მიზნებს ხსნის და არჩევნების გაყალბების დანაშაულებრივ სქემას წარმოადგენს.
მარნეულში კვლავ ფიქსირდება მარკირების განუხორციელებლობის ბევრი ფაქტი და ხმის არაერთგზის მიცემის შემთხვევა.
საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, განსაკუთრებით ევროპასა და აშშ-ში ამომრჩევლები მრავალსაათიან რიგებში დგანან. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ესპანეთში, სადაც კომისია ვერ ატარებს ამომრჩევლებს მაღალი აქტივობის გამო და ამომრჩევლები ვერ ახერხებენ ხმის მიცემას. პრობლემას ქმნის აღნინშულ საარჩევნო უბნებზე არასაკმარისი რეგისტრატორების რაოდენობა, რაც ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს არჩევნებში მათ დროულ მონაწილეობას. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც საკონსულო აღრიცხვასა და ცესკოს საარჩევნო სიაში მყოფი პირები არ აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნის სიებში.
18:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1222 უბნიდან. “ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით 15:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში:
● მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესით - 50 უბანზე;
● მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს - 32 უბანზე;
● ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 22 უბანზე;
● არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ - 98 უბანზე;
● ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 31 უბანზე;
● ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა 62 უბანზე. ასევე, 62 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა;
● ,,ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 32 უბანზე.
ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია 211 საჩივარი საუბნო კომისიებში, 43 - საოლქო კომისიებში და 154 შენიშვნა დაფიქსირებულია ჩანაწერთა წიგნში.
მნიშვნელოვანი ინციდენტები:
● ფიზიკური ძალადობა/მუქარა/ზეწოლა
თბილისის მეხუთე ოლქის პირველ უბანზე ჩვენ დამვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი დაფიქსირებულია 112-ში.
მარნეულის მე-4 უბანზე „საიას“ დამკვირვებელს შეუზღუდეს დაკვირვების შესაძლებლობა, მიაყენებს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მარნეულის მე-16 უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფება უბანზე, რომელიც აგრესიულია ჩვენი კოალიციის დამკვირვებლის მიმართ.
ზუგდიდში, 67-ე ოლქის 30-ე უბანზე მოხდა ფიზიკური დაპისრისპირება.
● დამკვირვებლის/წარმომადგენლის/მედიის უფლებების უკანონო შეზღუდვა
საგარეჯოს 35-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების შესაძლებლობას. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთის 49-ე უბანზეც.
დამკვირვებლები გაგვიძევეს მარნეულის 49-ე უბნიდან. დამკვირვებელმა არაერთი დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მოთავსებული სხვა პირადი ნომრები. ასევე, უბანზე დააფიქსირა ერთი და იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის („პოლიტიკისა და სამართლის ობზერვერი“) ერთზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც კომისიის საქმიანობაში ერევიან და ახორციელებენ პროცესზე ზეგავლენას.
მარნეულის 50-ე უბნიდან გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც აპროტესტებდა აგიტატორის ქმედებას. აგიტატორი სოფლის მოსახლეობის შემოყვანას აორგანიზებდა უბანზე და კარნახობდა, თუ რა არჩევანი უნდა გაეკეთებინათ.
● არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა
გარდაბნის მე-3 საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა. დამკვირვებლის შენიშვნაზე კომისიამ არ მოახდინა რეაგირება და არ მოგვეცა პირადობის მოწმობის გადამოწმების შესაძლებლობა.
მარნეულის მე-5 უბანზე ამომრჩეველმა სხვისი პირადობის მოწმობით მისცა ხმა.
● ამომრჩევლისთვის ხმის უფლების უკანონო შეზღუდვა
ბათუმში, 79-ე ოლქის 71-ე უბანზე 7 პირს არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, იმ მოტივით რომ 8 ოქტომბრის შემდეგ ჰქონდათ აღებული პირადობის მოწმობები. განუმარტეს, რომ ამ თარიღის შემდგომ აღებული პირადობის მოწმობები არ იყო ვალიდური.
● ბიულეტენების ჩაყრა/გაყალბება
მარნეული მე-14 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს გაატანა ბიულეტენი, რომელზეც 41 ნომერი იყო შემოხაზული.
● გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები
მთელი საქართველოს მასშტაბით, იკვეთება პრობლემები გადასატან ყუთთან დაკავშრებით. კერძოდ, გადასატანი ყუთი მოდის დაზიანებით, დაულუქავი, რიგ შემთხვევებში იმაზე ნაკლები ბიულეტენებით ვიდრე უნდა მოსულიყო. აღნიშნული ტენდეციაა ყველა რეგიონში.
კერძოდ, თბილისის მე-3 ოლქის მე-6 უბნის გადასატანი ყუთის ბიულეტენები დაიკარგა. ასევე, თბილისის მე-3 ოლქის 81-ე, 72-ე, მე-60, მე-10 უბნებზე და თბილისის მე-5 ოლქის მე-3 უბანზე და თბილისის მე-2 ოლქის მე-3 უბანზე დაფიქსირდა გადასატანი ყუთის დალუქვის წესების დარღვევა.
გურიაში, ოზურგეთის მე-60 ოლქის 35-ე უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში იყო 30 ამომრჩეველი. შესაბამისად, უბნიდან გავიდა 30 ბიულეტენი, თუმცა უბანზე ყუთი დაბრუნდა 18 ხმით და 10 გამოუყენებელი ბიულეტენით. გაფუჭებული ბიულეტენები არ დაფიქსირებულა. დაიწერა საჩივარი. იგივე ტენდენცია დაფიქსირდა იმერეთში, 59-ე ოლქის 64-ე უბანზე.
რუსთავის მე-12 უბანიდან გადასატანი ყუთი უბნიდან გავიდა ორჯერ.
ხაშურის 35-ე ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დაბრუნდა დაულუქავი.
● მარკირების არშემოწმება
მარნეულის 1-ელ უბანზე დაფიქსირდა მარკირების განუხორციელებლობის ხუთზე მეტი შემთხვევა.
მარკირების წესის 30-მდე დარღვევა დაფიქსირდა თბილისში ვაკის, ისნისა და გლდანის ოლქების სხვადასხვა უბანზე.
მარკირებულმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ბათუმში, 79-ე ოლქის 33-ე უბანზე.
მცხეთის 27-ე ოლქის 29-ე საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე დროთა განმავლობაში უფერულდება და ფანარი ვეღარ აფიქსირებს მარკირებას.
მცხეთის #27 ოლქის #7 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, რომელიც სავარაუდოდ იყო გამგებელი, უბნიდან გააძევა კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩევლების კონტროლის გამო. გაძევების მიუხედავად აღნინშული პირი მობრუნდა ხმის მისაცემად. მარკირების შემოწმების გარეშე, რეგისტრატორმა პირს გაუკეთა მარკირება და გადასცა ბიულეტენი. ამის შემდეგ აღნიშნულმა პირმა დატოვა უბანი.
● ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა/აგიტაციის წესების დარღვევა
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა ქობულეთში, მე-8 უბანზე. კომისიის წევრები უმეტესად თავად ათავსებენ ბიულეტენს ხმის მთვლელ აპარატებში. ასევე, დაფიქსირდა კაბინაში სამი ამომრჩევლის მიერ ერთად შესვლისა და ხმის მიცემის ფაქტი.
ახალციხის (37-ე ოლქი) 25-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველს “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი მიუთითა.
საგარეჯოს 31-ე უბანზე ადგილობრივი რწმუნებული (ე.წ. გამგებელი, მერის წარმომადგენელი ტერ. ერთეულში) ამომრჩევლებს მოჰყვება ამომრჩეველს, რომლებიც, გაკეთებულ არჩევანს აჩვენებს მას. იკვეთება ზეწოლის ნიშნები.
ამასთან, კასპის ოლქის 24-ე უბანზე ამომრჩევლები ფოტოსურათებს უღებენ ბიულეტენებს.
მცხეთის 33-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლმა აღმოაჩინა გაურკვეველი ამომრჩეველთა სიები, რომლებსაც მინიშნებები ჰქონდა გაკეთებული “+” ნიშნებით.
● ნების გამოვლენის კონტროლი
ამომრჩევლის აღწერა უბნის მიმდებარედ დაფიქსირდა ხარაგაულის 48-ე ოლქის მე-8 და ჭიათურის 56-ე ოლქის 29-ე უბნებზე.
ამომრჩეველთა ნების კონტროლის მცდელობები ასევე დაფიქსირდა ახალქალაქის, ხაშურის, მცხეთის და კასპის ოლქებში, რაც გამოიხატება ტერიტორიაზე გაურკვევლი სტატუსის მქონე პირთა თავმოყრაში.
ქარელის 33-ე ოლქის 19-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესში ბიულეტენი გაიჭედა ხმის დათვლის აპარატში. საოლქოს წარმომადგენელმა გახსნა ყუთის უკანა ლუქი. დაზიანებული ბიულეტენის ამოღების შემდგომ აღდგა აპარატის მუშაობა, მაგრამ ყუთებში ბიულეტენების გადამოწმებისას, მათი რაოდენობა ერთით აღემატებოდა რეგიტრატორებთან ხელმოწერების რაოდენობას.
ხაშურის 30-ე უბანზე შემოვიდა პირი, რომელსაც არ ჰქონდა აკრედიტაცია ან რაიმე მაიდერნტიფიცირებელი დოკუმენტი. იგი გაესაუბრა რეგისტრატორს და ჰკითხა კონკრეტულ პირებზე - იყვნენ თუ არა მისული საარჩევნო უბანზე. როგორც აღმოჩნდა, ეს პირი არის მერის წარმომადგენელი ცხრამუხაში.
გორის 32-ე ოლქის 77-ე უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იმყოფება ყუთთან ახლოს და აკეთებს ჩანიშვნებს ამომრჩევლების მიერ ბიულეტენის ყუთში მოთავსების შემდეგ, რაზეც მიიღო შენიშნა კომისიის თავმჯდომარის მხრიდან.
● აგიტაცია საარჩევნო უბანზე
,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან აგიტაციის შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისის 59-ე ოლქის მე-16 უბანზე.
● ამომრჩევლის მოსყიდვა
იმერეთში, 51-ე ოლქის 24-ე უბნის მიმდებარედ დაფიქსირდა ფულის დარიგების შესაძლო შემთხვევები.
● განმეორებით ხმის მიცემა
სამგორის მე-6 ოლქის მე-2 უბანზე ორმაგი ვერიფიკაციის მქონე პირმა მისცა ხმა.
● უცხოეთის უბნებიდან მიღებული ინფორმაცია
კვლავ ფიქსირდება კრიტიკულად დიდი რიგები აშშ-სა და ევროპაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე. ლონდონში, პარიზში, რომში, ათენში, მილანში, შტუტგარტში, ბერლინში, ნიუ-იორკში და ა.შ. ამომრჩევლებს საათობით დგანან რიგში, ხოლო უბნები ვერ აუდიან ამომრჩეველთა ნაკადების გატარებას. რეგისტრატორების რაოდენობა არასაკმარისია, ხოლო კომისიები ვერ ახერხებენ პრობლემის აღმოფხვრას. რეგისტრატორები ვერ პოულობენ ამომრჩევლებს სიაში დროულად და ამის გამო ამომრჩეველთა ნაწილს რიგში დგომა საათობით უწევთ.
სერიოზულ პრობლემას აწყდებიან უბანზე მოსული ამომრჩევლები, რომლებიც არიან ამომრჩეველთა სიაში ცესკოს საიტზე და იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა სამაგიდე სიაში არ იყვნენ და ვერ შეძლეს ხმის მიცემა. დაახლოებით 50 ასეთი ამომრჩეველია მილანში. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბერლინში, ლონდონი, ათენში, ბარსელონაში, რომში, სტამბოლში, ვენასა და ვაშინგტონში. დიდი რიგის ერთ-ერთ მიზეზად დამკვირვებლები ასახელებენ ამომრჩევლების სიაში ვერ პოვნას.
დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ხარვეზები. კერძოდ, შტუტგარტში დაფიქსირდა 6 შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა შტუტგარტში, მაგრამ საარჩევნო სიაში აღმოჩნდა ვარშავაში, რის გამოც არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნულის გამო არის ერთგვარი შფოთვა და გაუგებრობა რიგში მდგომ ამომრჩევლებს შორის.
მილანის უბანზე რამდენჯერმე გაფუჭდა ფანარი. მის გამოცვლამდე დაახლოებით 10 ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე შეუშვეს უბანზე.
სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა”-ს დამკვირვებლები მთელი ღამის განმავლობაში მოგვაწვდიან შემაჯამებელი ოქმის ფოტოებს, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე wevote.ge. ამავე ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი დამკვირვებლების მიერ გადმოგზავნილი კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის (კონსოლიდირებული საბოლოო ანგარიშის) ფოტოები იმ საარჩევნო უბნებიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. წინასწარი შედეგების ამონაწერისა და შემაჯამებელი ოქმების ფოტოების საჯაროობა “ჩემი ხმას” ვებ-გვერდზე ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს გადაამოწმოს ცესკოს მიერ ოფიციალურად დადებული მონაცემების თანხვედრა დამკვირვებლების მიერ უბნებზე მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტებთან.