30
ნოე.
30 ნოე 2024
საგანგებო განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნილია იმისთვის, რომ ემსახუროს საქართველოს, მის მოსახლეობას და კონსტიტუციურ პრინციპებს - ადამიანის უფლებებს, სამართლიანობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ყველაზე მწვავე საჭიროებებს, რაც მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

 

ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც მედიაში გავრცელებული მრავალი კადრით ჩანს, სამართალდამცავების სპეციალური სამსახურები ძალადობენ პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებზე. საქართველოს მოქალაქეები ვაპროტესტებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას, და იმ მრავალ, მძიმე დარღვევას, რამაც საარჩევნო უფლება წაართვა ასიათასობით მოქალაქეს. 

 

დღეს, ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის ბიუჯეტიც მილიონობით ლარს შეადგენს, არ ემსახურება საქართველოს ხალხს, არ აშუქებს იმ სისასტიკეს და ძალადობას, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონის შესაბამისად არის შექმნილი ხალხისთვის, ხალხის გადასახადებით და ის უნდა ასახავდეს ხალხის ნებას. 

 

ამიტომ მოვითხოვთ, დღეს და ახლა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი გადავიდეს საგანგებო მუშაობის რეჟიმში და პირდაპირი ეთერი სრულად დაეთმოს თავისუფალ მოქალაქეებს და ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს - საპროტესტო აქციების გაშუქებას.